შესავლის მაგიერ
შვეიცარიაში წამოსვლამდე დიდი ხნის გადაწყვეტილი მქონდა, ჟურნალისტი გამოვსულიყავი. გამოვსულიყავი კი არა, ვიყავი კიდეც. ავად თუ კარგად ვწერდი და ვაქვეყნებდი ჩემს სატიებს ქართულ პრესაში. დიდი იყო მამაჩემის, თეიმურაზ მეტრეველის, გავლენა ჩემს ნაშრომებზე და ეს გავლენა, ალბათ, ძალიან დადებითად წაადგა ყველაფერს. უცხოეთში წასვლა ჯერ კიდევ სკოლაში მქონდა გადაწყვეტილი. მინდოდა, შემეძინა მაღალი პროფესიული ცოდნა, დავბრუნებულიყავი ჩემს ქვეყანაში და მისთვის მომეხმარებინა მთელი ჩემი გამოცდილება.
უცხოეთში კი წავედი, ცოდანც, პრინციპში, კარგი უნდა მქონდეს. აგერ უკვე ორი წლის წინ დავამთავრე ციურიხის უნივერსიტეტი, სადაც პუბლიცისტიკას, საერთაშორისო სამართალსა და ლიტერატურას ვსწავლობდი და ახლა აქვე ვმუშაობ ჩემს დისერტაციაზე. მაგრამ აი, ჩემს ქვეყანაში ვერა და ვერ დავბრუნებულვარ აგერ უკვე მერამდენე წელია. ვერ დავბრუნებულვარ, რადგანაც არ ვიცი, რომ ჩავალ, რა გავაკეთო. ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ ჩემი საქმიანობა იქ არავის სჭირდება. განუწყვეტელმა სამეცნიერო შრომამ სულ ჩამომაცილა ჟურნალისტიკას. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, ისევ დავბრუნებოდი ჩემს საქმიანობას და ამისთვის ახალი ტექნოლოგიები – ანუ ინტერნეტი გამომეყენებინა.
ჰოდა, ვიწყებ წერას. ვაპირებ ამ ტექსტების გამოქვეყნებას ქართულ პრესაში, თუკი ვინე ამით დაინტერესდება. რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ გამოვაქვეყნებ. მაქვს ორი პროექტი და ვნაოხოთ, დაიმსახურებს თუ არა ქართველი გამომცემლებისა და რედაქტორების ინტერესს. თუ დაიმსახურებს, ძალიან გამიხარდება. თუ არა, მაინც არ შევწყვეტ ამ საქმიანობას, გავაგრძელებ ამ გვერდზე და 10 მკითხველიც თუ მეყოლება, ჩემს მიზანს მივაღწიე. ჩანაწერებს ძირითადად ან ხუთშაბათს ან პარასკევს გამოვქვეყნებ ხოლმე. მათ, უმეტეს წილად, პოლიტიკური და ლიტერატურული ხასიათი ექნება. იმედია, მოგეწონებათ.